Thursday, July 2, 2009

როკერები და პანკერები! ( საზარელი თემა) ლინგვისტური გამოძიება მცირე დანართით...

სიტყვები: პანკერი და როკერი (ხშირად როკისტიც) გარეუბნული წარმოშობისაა, თუმცა fეშენ დასახლებათა პრე-ძერსკულ ხანაშიც ვხვდებით. მინდა მოკლედ განვიხილო ამ სიტყვების მნიშვნელობა და მათი თავისებური გაგება თემქაზე, ჩემი და ამ თემაზე მომუშავე ლინგვისტთა ჯგუფის უშუალო დაკვირვების საფუძველზე. სიტყვა როკერმა, თემქელი კაცის ლექსიკაში თავის ადგილის დამკვიდრებამდე განიცადა რამოდენიმე სახეცვლილება: 1. სიტყვის პირველსახე არის როკმენი, რომელიც დასაბამს ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში იღებს 2. შემდეგ სხვადასხვა ფაქტორთა ზეგავლენით სიტყვამ სახე იცვალა და გახდა სატანისტი 3. მომდევნო საფეხურზე მისი შინაარსი განივრცო და სიტყვის სტრუქტურა გართულდა, დაემატა კიდევ ერთი სიტყვა და გახდა სატანების ქურუმი. 3. მესამე საფეხურზე სიტყვა გამარტივდა და მიიღო თავისი ორიგინალური სახე, ოდნავი განსხვავებით: როკერი. სიტყვის ფუძე არის როკი, ოღონდ არა ბალბოა, არამედ ის მუსიკის ჟანრი, რომელზეც შავ-ბნელი წარმოდგენები და ლეგენდები დღემდე დადის უსაქმურ მასწავლებლებსა და ბონი-ემ-ზე გაზრდილ მშობლებს შორის. პანკერი შედარებით ახალი სიტყვაა (სხვაგან არ ვიცი, ჩემს სკოლაში კი ნამდვილად ახალია) ჩემი აზრით ამ სიტყვის სათავე რომელიმე სამოცდაათწელს გადაცილებულ სკოლის მასწავლებლებს შორის უნდა ვეძებოთ, რომელსაც სმენა ექნება დაქვეითებული... სიტყვა პანკერის ფუძე არის პანკი. ამ საკითხზე მომუშავე ლინგვისტთა ჯგუფის გასაოცრად აღმოჩნდა, რომ სიტყვა პანკს თემქაზე გააჩნია თავისებური ახსნა: ნიკა გრიგოლია. ერთერთი სკოლის ერთერთი მოსწავლე ამტკიცებს, რომ მანამ, სანამ სიტყვა პანკერი შემოვიდოდა სასაუბრო ენაში, მას თმის ვარცხნილობის გამო სკოლის დირექცია ნიკა გრიგოლიას ეძახდა და გაკვეთილებზე მარტორქასავით დასწრებას უკრძალავდა. აქედან გამომდინარე ჩნდება თეორია რომ სიტყვა პანკერმაც განიცადა სახეცვლილება და მისი პირველსახე არის ორი სიტყვის კომპოზიცია: ნიკა გრიგოლია. ამ ისტორიული აღმოჩენით დასრულდა ჩემი და ზემოთხსენებულ ლინგვისტთა ჯგუფის თანამშრომლობა. თუმცა ჩემთვის ეს არ იყო დასასრული. ამ სიტყვების ირგვლივ არსებული უამრავი კითხვა უპასუხოდ რჩებოდა. ამიტომ მე დავიწყე ამ სიტყვათა ფარული ძალისა და ზეგავლენის ძიება თემქელებზე. (ჩემი მუშაობის არეალი განგებ შევზღუდე, რადგან იმ დროს ავტობუსები ჯერ უფასო არ იყო... და ქალაქში გადაადგილება გამიჭირდებოდა... ფეხით...) ხანგძლივი დაკვირვებისა და ძიების შედეგი მინდა ძალიან მოკლედ ჩამოვაყალიბო:

თემქაზე სიტყვა როკერს ძალიან მძიმე დატვირთვა აქვს და ასოცირდება როკის მსმენელ ახალგაზრდებთან, ასევე მოიცავს პანკერებსა და ემოებსაც. (ამ უკანასკნელ სიტყვას ლინგვისტური გამოძიება არ სჭირდება, რადგან უცებ მოედო ქალაქს(თემქასც კი) და ყველამ იცის რასაც ნიშნავს).ეს სიტყვა აქ იარლიყად აქციეს და ამ იარლიყიანი ადამიანების ირგვლივ ყველას თავისი შეხედულება აქვს:
ახალგაზრდა ბიჭების 40% ფიქრობს, რომ როკერს თუ შეხვდები უნდა ცემო. 20%-ს ფეხებზე კიდია ყველაფერი. 10% თვლის, რომ მაგარია როკერობა. 20% გონია, რომ როკერია ხოლო დარჩენილი 10% აზროვნებს და გული ერევა ამის შემხედვარეს.
გოგონების 45 სვეცკი პროცენტი ვერ იტანს როკერებს და თვლის რომ მუსიკალური სამყარო music box-ით მთავრდება. 45% საკუთარ თავს როკერს უწოდებს (უფრო ხშირად ემოს, თუმცა ამას მათთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს და ერთმანეთს ეს ორი სიტყვა არ გამორიცხავს)10% ცხოვრობს თავისთვის და არცერთ მარაზმ სუბკულტურაში არ მიძვრება...
სკოლების დირექციათა და მასწავლებელთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა: ჰაიტ, როკისტებო! თქვე სატანის ქურუმებო! პატრონები არ გყავთ?
მშობლების დამოკიდებულება ამ სიტყვის მიმართ უფრო რთული და მრავალფეროვანია... ხშირია ბიძა როკერებიც, (რომლებიც თავს "ხ"იპებს ეძახიან) ისინი ამ სიტყვის მიმართ არსებულ აგრესიას ხშირად ახშობენ ოჯახში.
ერთი სიტყვით ამ ბნელმა სიტყვებმა გადარიეს "თემქელი" ახალგაზრდები...მოწინააღმდეგენიც და მიმდევარნიც (ეგრეთწოდებული ქურუმებიც)... რატომ მარაზმობენ და გადიან კედლებზე კაცმა არ იცის... დაილია საქმე დედამიწაზე?!


ესე იტყოდა ზეკაცი...

1 comment: